რა იცვლება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში
- განათლებასაზოგადოება
- თებერვალი 3, 2026
- 64
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება, რომლის ავტორი განათლების სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა.
როგორც დოკუმენტში წერია, კანონპროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩოს დაზუსტებას და პროცესის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფას. კერძოდ:
იგეგმება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაცია. ანუ იქმნება საკანონმდებლო საფუძველი, რომ უნივერსიტეტების გაერთიანება იყოს შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. ამის მიზეზად კი დასახელდა ის, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და ამით მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს საერთაშორისო რეიტინგებს. ამასთან, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო „საბჭო“ და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესის წარმართვას უზრუნველყოფენ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს წამყვანი პროფესორის თანამდებობა ემატება.
დოკუმენტის თანახმად, კანონპროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანს ასევე წარმოადგენს, განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, საკადრო პოლიტიკის დახვეწა. ამ მიზნით, წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს დაემატება წამყვანი პროფესორის თანამდებობა. კანონპროექტით განისაზღვრება, თუ ვინ შეიძლება აირჩეს ზემოხსენებულ აკადემიურ თანამდებობაზე – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა) და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს. ასევე, დარეგულირდება აღნიშნული თანამდებობის მქონე პირის აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები.
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა უქმდება. მასწავლებელთა მომზადება ბაკალავრიატის საფეხურზე განხორციელდება.
დოკუმენტის თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ამოღება მიზნად ისახავს მასწავლებლის მომზადების სისტემის ოპტიმიზაციასა და მოთხოვნაზე ორიენტირებული, მოქნილი საგანმანათლებლო მოდელების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე პოტენციური სტუდენტების ინტერესების უკეთ დაცვას.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა მიეცემათ, მილევად რეჟიმში – კონკრეტული ვადით ის პროგრამები განახორციელონ, რომლებიც მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული არ იქნება.
“უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის 16 დეკემბერს შესული ცვლილების თანახმად, განისაზღვრა, რომ საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, განუსაზღვრავს მას იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვს ამ პირს და ამტკიცებს მის დროებით წესდებას.
ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ფარგლებში.
ამასთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის აქტით განისაზღვრება, მათ შორის, იმ საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში.
ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის აქტით განისაზღვრება, მათ შორის, იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვს მას.
აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება ენიჭებათ მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ფარგლებში. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება საკანონმდებლო მოწესრიგების აუცილებლობა იმ საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით, რომლებსაც ზემოხსენებული დაწესებულებები მიმდინარე ეტაპზე ახორციელებენ და მთავრობის დადგენილებით აღნიშნული პროგრამების განხორციელების უფლება აღარ ექნებათ. გამომდინარე იქიდან, რომ ხსენებულ პროგრამებზე უკვე ირიცხებიან სტუდენტები, აღნიშნული ცვლილების უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე მასობრივად გავრცელება რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა მათ და გამოიწვევდა დიდი რაოდენობით რიგგარეშე მობილობის განხორციელების აუცილებლობას, რაც შესაძლოა უარყოფითად ასახულიყო სტუდენტების მიერ განათლების მიღების უფლების რეალიზაციაზე. შესაბამისად მიზანშეწონილია, დაწესებულებებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ გარკვეული გარდამავალი პერიოდით მილევად რეჟიმში განახორციელონ აღნიშნული პროგრამები, რაც თავის მხრივ, თავად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს შესაძლებლობას, რომ მოახდინონ ადაპტირება აღნიშნულ ცვლილებებთან და შესაბამისად დაგეგმონ საკუთარი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა”, – წერია კანონპროექტში.